საგადასახადო და საბაჟო
კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

2023 წლის 18 აპრილი

2023 წლის 18 აპრილს გამოქვეყნდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით:


  • შეიცვალა საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა), საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
  • ცვლილება განხორციელდა 89-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, თუ პირი, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს კალენდარული წლის დასრულებამდე, სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება მომართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ცვლილებამდე პირადი განცხადების საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდებოდა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.
  • ცვლილების შესამაბისად, არამეწარმე ფიზიკური პირისთვის, რომელიც აქტივის რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადად -არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი.
  • გაიზარდა სეს ესნ-ის 3824 90 980 01 (მოქმედი სასაქონლო კოდი - 3824 99 960 01) სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის (სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის) აქციზის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა 1 მლ 1 ლარი, ნაცვლად 0.2 ლარისა.

         წაიკითხეთ სრულად

„საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით:


  • გაუქმდა დროებით შენახვის დეკლარაციასა და საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანასთან მიმართებაში არსებული დათქმა, რომელიც ადგენს, რომ წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში/რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო.
  • გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომა ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისათვის.

ასეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს პასუხისმგებლობის დაკისრება არა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილის, არამედ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად.

  • გამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომა ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისათვის/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისათვის. კერძოდ, ასეთი ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
         წაიკითხეთ სრულად